ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას აფასებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე. კობახიძემ საზოგადოებას გააცნო ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. კერძოდ, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც "აპირებენ არეულობას".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები.
"ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ. ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები", - წერია განცხადებაში.
ქარტია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.