logo
ENG



ქარტიამ ნიკოლოზ ლალიაშვილის მხრიდან ანა ცხოვრებოვასა და მის გუნდზე ცენზურა დაადგინა

08 ოქტ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ჟურნალიტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ტელეკომპანია იმედის დირექტორმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მე-2 პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვით, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს, ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართეს ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა. 

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბრიდან, 2020 წლის მარტამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნესის სიახლეების ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია. 

ქარტია უთითებს, რომ ნიკოლოზ ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

საქმის აღწერილობით ნაწილში ქარტია განმცხადებელზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი შეხვედრის დროს ნიკოლოზ ლალიაშვილმა ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელ პროდიუსერთან და გადაცემის წამყვანთან, ანა ცხოვრებოვასთან გააკრიტიკა ცალკეული სიუჟეტები, რომლებიც, მისივე თქმით, "კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ". ამ შეხვედრაზე მან, პრაქტიკულად, გასცა დირექტივა, თუ როგორი უნდა გამხდარიყო გადაცემა და ვისი ინტერესების სასარგებლოდ ემუშავა მთლიანად რედაქციას. 

მეორე შეხვედრისას, ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ცხოვრებოვას და მოსთხოვა, რომ გადაცემაში არ გაეშვათ კონკრეტული სიუჟეტი. სიუჟეტის თემა იყო ე.წ. "მაღლივის საბაგირო".

ლალიაშვილმა პროდიუსერს მიზეზად დაუსახელა, რომ "მერიაში ნერვიულობენ". რედაქციამ დირექტივა არ გაითვალისწინა და თემა მაინც გააშუქა.

განმცხადებლებმა, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, ქარტიას წარუდგინეს აუდიოჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს:

"[2019 წლის 24 დეკემბრის შეხვედრა] ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული. [...] ჟურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი კიდევ ერთხელ გამორიცხავს ამ პრინციპს და ეუბნება მას: ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული".

როგორც ქარტია წერს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიეღოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები და ემუშავათ სამუშაოს მკაფიო აღწერილობით, ჟურნალისტებმა არხთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, ნუცა შუბაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა და გიგა ბენიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადება და ამის შესახებ წინასწარ აცნობეს გურამ ნიკოლაშვილს. გუნდი ამჟამად ფორმულაზე გადაცემა "ბიზნეს ფორმულას" უძღვება.


close დახურვა