საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებმა ხატია ქვათაძემ და გიორგი აბაზაძემ, ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში დაარღვიეს ქარტიის, 1-ელი მე-5 და მე-11 პრინციპები.
იმედის სიუჟეტი, სადაც მშვილდაძის თქმით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს, 2023 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა.
მიშა მშვილდაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, ქარტიის სამდივნომ კი ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო.
განმცხადებელი დაობდა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭომ განცხადება ღია სხდომაზე განიხილა.
ქარტიის 1-ელი პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
სადავო სიუჟეტის დასაწყისში იმედის ტელეწამყვანი ხატია ქვათაძე ამბობს: "ევროპის სახელით შეცვლილი რიტორიკით და ხელოვნური არგუმენტებით არქივმა ამჯერად მიშა მშვილდაძე ამხილა. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან განცდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება, მიზეზად რუსეთის მიერ აღდგენილ ფრენას ასახელებენ - იმ რუსეთიდან, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სასარგებლოს უწოდებდნენ".
სიუჟეტის დასაწყისში გამოყენებულია მიხეილ მშვილდაძის ვიდეო არქივიდან, სადაც ამბობს:
"ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე, თუ ამას ეს მოჰყვება, მეტს ვიდრე დღეს შოულობს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი".
იმედის ჟურნალისტი, გიორგი აბაზაძე კი სიუჟეტში ამბობს:
● "ასე ფიქრობდა მიშა მშვილდაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ, როცა რუსეთში ყველაფრის ექსპორტს ემხრობოდა. ამ გზით კი ქვეყანაში ფულის შემოსვლას პატრიოტული მიდგომითა და ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესით ხსნიდა".
● "ის, რაც წლების წინ მოსწონდა, ახლა მისთვის ევროპული კურსის საწინააღმდეგო პოლიტიკაა".
განმცხადებელმა, მიშა მშვილდაძემ განმარტა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს.
მშვილდაძის თქმით, გადაცემაში, სადაც ეს კომენტარი თქვა, მან ასევე განაცხადა - "უნდა ვისაუბროთ ოკუპაციაზე, რუსეთი განვიხილოთ როგორც სამყაროს ნაწილი და არა, როგორც სამყაროს ცენტრი. მე ერთადერთ რამეზე ვწუხვარ - ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს გამოთქმული უკვე თავისი დასაბუთებული ნება, პლებისციტის შედეგად, ამ ქვეყნის მომავალს, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ევროატლანტიკურ ალიანსში. არ გვინდა პოლიტიზება ამ კულტურული კავშირების, იყოს კულტურული კავშირები, არ ვარ წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იყოს ვინმე წინააღმდეგი ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის..."
მშვილდაძის თქმით, იმედის ჟურნალისტმა მისი კომენტარის თარიღიც არასწორად თქვა, და გადაცემა სინამდვილეში 2013 წელს გავიდა ეთერში და არა 2011-ში როგორც ეს იმედის ჟურნალისტებმა თქვეს.
მშვილდაძის აზრით, სადავო მასალა და ჟურნალისტის მხრიდან თემის ცალმხრივად, მანიპულაციურად გაშუქების მიზანი მისი დისკრედიტაცია იყო.
"თარიღზე განზრახ არასწორად მითითებას მნახველში უნდა გამოეწვია აღქმა, რომ თითქოსდა ჩემი შეხედულებები საგარეო ვექტორზე მმართველი გუნდების ცვლილებასთან ერთად იცვლება. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2011 წელს, თურმე სახელისუფლებო დაკვეთას ვასრულებდი და აქედან გამომდინარე, ვეთანხმებოდი პოლიტიკურ კავშირებს რუსეთთან, ახლა კი, ოპოზიციის როლში ვაკრიტიკებ ქართულ ოცნებას ჩემივე გადაცემის ეთერიდან მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირების და დაკვეთების შესრულების მოტივით” - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
სადავო შემთხვევაში საბჭომ მიიჩნია, რომ იმედის ჟურნალისტებმა სათანადოდ არ დაიცვეს სიზუსტის პრინციპი. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
საბჭომ იმსჯელა, რამდენად შეესაბამებოდა სიუჟეტის წარდგენა, მასალით შექმნილი კონტექსტი და სიუჟეტში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ერთმანეთს და დაადგინა მათი შეუსაბამობა.
საბჭომ ასევე ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია.
ქარტიის მე-5 პრინციპი: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".
ქარტიის ცნობით, მიშა მშვილდაძემ მიუთითა, რომ სოციალურ ქსელში გაზიარებული სადავო მასალის, სიუჟეტის ქვემოთ განათავსა კომენტარი, სადაც მისი პრეტენზიების შესახებ წერდა.
ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ მშვილდაძის ეს კომენტარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაედგინა მეხუთე პრინციპის დარღვევა.
საბჭო აღნიშნავს, რომ კომენტარში განმცხადებლის პრეტენზია ჩანს [მიხეილ მშვილდაძე წერს - აქ 2013 წლის 1 მარტია], მედიასაშუალებას კი მასალა არ ჩაუსწორებია.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება".
საბჭოს ინფორმაციით, მშვილდაძე მიუთითებდა, რომ იმედმა არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია მისი დისკრედიტაციის მიზნით განზრახ გაავრცელა. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსგავს მასალებს მედიასაშუალება კამპანიურად ავრცელებდა.
ასევე, საბჭოს ცნობით, განმცხადებელმა წარმოადგინა მასალა, სადაც ჩანს, რომ მედიასაშუალების მასალა Facebook-ს მონიშნული ჰქონდა, როგორც მანიპულაციური ინფორმაცია და გაფრთხილების სახით მიუთითებდა Fact Check Georgia-ს მასალას, სადაც წერია, რომ "სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება".
საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედის” სოციალურ გვერდზე მასალა მანიპულაციურად სადავო მასალის ეთერში გასვლამდე იყო მონიშნული.
"შესაბამისად, აღნიშნული აძლევს საბჭოს საფუძველს იფიქროს, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლამდე ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც მანიპულაციურად და არაზუსტად გაუშვა ეთერში. Facebook-ის წესების მიხედვით, მონიშვნის შესახებ ინფორმაცია მომენტალურად ისახება მედიასაშუალების Facebook გვერდზე.
აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი." - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.