ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა პროკურორს მოთხოვნა და 5000 ლარიანი გირაო არ შეუფარდა მას.
ქაცარავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დასრულდა დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელზეც პროკურორმა მოითხოვა ჩემთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს სოფელ ბობნევში ჩემზე განხორციელდა თავდასხმა.
როგორც აღმოჩნდა, თავდაცვაც დანაშაული აღმოჩნდა და პროკურატურამ წამიყენა ბრალი.
დღეს, სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეტანა გადაწყვეტილება ჩემთვის მოთხოვნილი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დაუკმაყოფილა პროკურორს მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით.
ეს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და ღირსეული.
შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 11 თებერვალს.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც ვიგრძენი თქვენი მხრიდან, ყველა ის განცხადება, ინტერვიუ, კომენტარი, მხარდაჭერის ყოველი სიტყვა, რომელიც დაფიქსირდა პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების მხრიდან, უდიდესი მნიშვნელობის იყო, არის და იქნება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
ადვოკატებს ვახტანგ იაშვილს და ზურაბ ბეგიაშვილს, რომლებიც მიცავენ სისტემისგან, ასევე მადლობა მოსამართლე ლევან დარბაიძეს, რომელმაც ამ მართლაც ძალიან რთულ პერიოდში მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
ძალა ერთობაშია!“, - წერს ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს.