logo
ENG



ქაცარავა: ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან რადიოელექტრონული დაზვერვის საგუშაგო მოაწყვეს

02 ივნ 202119:30
3 წუთის საკითხავი
 
ქაცარავა: ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან რადიოელექტრონული დაზვერვის საგუშაგო მოაწყვეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ორჭოსანთან და ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დიდი ხნის წინ მოწყობილი საგუშაგო მძლავრი სოლარ სისტემით, სათვალთვალო კამერით და ანძით აღჭურვეს. 

ქაცარავას თქმით, ეს, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ საგუშაგო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამის რადიოლოკაციური გადაჭერის მიზნების განხორციელებას.

"ყვითელი ფერი ამ შემთხვევაში ნიშნავს ფსბ-ს სპეციალურ სადამკვირვებლო და სადაზვერვო სადგომს, რომელიც კონკრეტული მანქანის მოდელისთვის გამოიყენება და რომელიც რუსებს სამაჩაბლოში სულ 3 ჰყავთ ბაზირებული. ეს გამოიყენება რადიოელექტრონული ომისთვის. ეს ნიშნავს, რომ რუსები ამ მანქანებს გამოიყენებენ მობილური სიხშირის ჩასახშობად, მოსასმენად და ა.შ". - ამბობს ქაცარავა. 

მისი ამ განცხადების პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თითოეულ აქტივობაზე რეაგირება ადეკვატურად ხდება. 

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით".- აცხადებს სუს-ი. 

კახა ქემოკლიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ სუს-ში, შემდეგ კი უსაფრთხოების საბჭოში, ამბობს, რომ ეს ახალი ინფრასტრუქტურა არ არის, თუმცა, ადასტურებს, რომ "რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი აქტიურად მუშაობს რადიოელექტრონული დაზვერვის განვითარების თვალსაზრისით". 


close დახურვა