logo
ENG



ქეთევან შოშიაშვილის Op-Ed: მთავრობის კოვიდ-წარმატებას ამოფარებული დამაზიანებელი პოლიტიკა

27 ივლ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 
2pop824esyymdfp.jpg

ევროკავშირმა Საქართველო 15 კოვიდ უსაფრთხო არაწევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ვირუსთან წარმატებით გამკლავების შესახებ დაწერეს საერთაშორისო მედია გამოცემებმა: Washington Post, BBC, Emerging Europe, Eurasianet; Twitter-ზე ამ საკითხს დადებითად გამოეხმაურნენ უცხოელი დიპლომატები და საჯარო პირები. Საქართველომ მართლაც მოახერხა რეგიონში ყველაზე ნაკლები კოვიდ დადასტურებული (1137) და გარდაცვალების შემთხვევების ქონა (16), მაშინ როდესაც დადასტურებული შემთხვევები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში 25-30-ჯერ, ხოლო ფატალური შემთხვევები 24-42-ჯერ მეტია.

ამ შედარებით პოზიტიური შედეგების ფონზე ყრუდ ისმის, თუ რა ფასად უჯდებათ ქართველ გადასახადის გადამხდელებს კორონავირუსთან გამკლავება ან მოდის თუ არა შესაბამისაობაში მთავრობის მიერ კორონავირუსის კრიზისის დროს გატარებული პოლიტიკა მოსახლეობის საჭიროებებთან.

საქართველოს მთავრობამ პანდემიის დასაწყისშივე მიიღო ზომები ვირუსის შემოდინების თავიდან ასაცილებლად. ამას შიდა გავრცელებისთანავე მოჰყვა კომენდანტის საათი, ქვეყანაში საჯარო და ბიზნესსაქმიანობის აკრძალვა, კერძო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეჩერება და მთავრობის ხელში ექსკლუზიური, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის ძალაუფლების გადალოცვა. აკრძალვების საჭიროების, დროულობისა თუ სამართლიანობის შესახებ განსჯა მრავალფეროვანი პოლიტიკური იდეოლოგიური მიკუთვნებულებისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის დამითმია - აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრებ იმ საყოველთაო კეთილდღეობის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ დაღმასვლასა და უფრო მეტად გაღარიბებული მოქალაქეების სოციალურ-ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.

PWC-ს მაისის კვლევის მონაცემების მიხედვით, გამოკითხული მიკრო-თვითდასაქმებულების 59%-ს, ხოლო მიკრო-2-9 დასაქმებულის 52%-ს ბიზნეს საქმიანობის შეჩერება მოუხდა. "სექტორულ ჭრილში, ბიზნეს საქმიანობა შეაჩერა სასტუმროების და საკვების სფეროს წარმომადგენლების 66%-მა, ვაჭრობის სექტორის 57%-მა, მშენებლობის სექტორის 53%-მა და სხვა მომსახურების სექტორის 50%-მა. ხოლო წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების უმეტესობამ შეაჩერა ან შეამცირა წარმოების მოცულობა"-წერია კვლევაში. ამასთან ერთად, ყურადსაღებია საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის მასშტაბით ლოჯისტიკური მისმენეჯმენტი, ეპიდემიური მდგომარეობის გამო ჩაკეტილი ქალაქები, აკრძალული სატრანსპორტო მოძრაობა, რომელიც ზოგ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ქმნიდა პრობლემას ან შეუძლებელს ხდიდა, შეეძინათ ყოველდღიური საჭირო ნივთები, გადაადგილებულიყვნენ გადაუდებელი აუცილობლობის შემთხვევაშიც კი. საზოგადოების ნაწილისთვის დღემდე გაუგებარია საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული აკრძალვების კორელაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან. ამის ნათელი მაგალითია სოციალური დისტანციის დაცვის მიზეზით ავტომობილში ოჯახის წევრებისთვის გვერდიგვერდ ჯდომის აკრძალვა და მათი 3000 ლარით დაჯარიმება, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, მაშინ, როდესაც პანდემიის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შემოსავალი დაკარგა.

საგულისხმოა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე დაუცველმა, მცირე ბიზნესებმა, სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა და თვითდასაქმებულემბა იზარალეს. მედიამ გააშუქა არაერთი თვითდასაქმებული მეწარმის შემთხვევა, მათ შორის ყვავილების სათბურების, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში მოთხოვნის მკვეთრად შემცირების ან ლოჯისტიკური მისმენეჯმენტის გამო პროდუქტის გადაყრა უწევდათ. რამდენიმე შემთხვევაში მათი ხმა მოსახლეობამდე მივიდა, მაგრამ გაურკვეველია, რამდენი მათგანი დარჩა დახმარების გარეშე. გაუგებარია კომენდანტის საათის დროს, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ისედაც ლიმიტირებული ჰქონდა პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა, რა საჭიროებაზე დაყრდნობით გახდა აუცილებელი ონლაინ გაყიდვების ზოგ შემთხვევაში აკრძალვა და ზოგში - შეფერხება.

ვირუსის უკონტროლო გავრცელებასთან ერთად საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, ტურიზმის მთლიანი სეზონის არ ჩაგდების საპირწონედ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაბალიუჯეტიანი ავიაზახებისთვის 10 სხვადასხვა მიმართულებით ფრენაზე (კვირაში 20-ზე მეტი ფრენაზე) უარის მიზეზად "ძირითად მონაპოვარს -  ჯანმრთელობას" ასახელებს. ეს არის არამხოლოდ პოპულიზმი, მთავრობის უხეში ჩარევა და მოქალაქეებისთვის არჩევანის შეზღუდვა, არამედ აღნიშნული არგუმენტი სრულად აზრს მოკლებულია. ისევე, როგორც კომენდანტის საათის დროს, მთავრობის აზრით, ღამის 9 საათზე ვირუსის გადადების რისკი იზრდებოდა, დღის საათებში კი ამის საშიშროება არ არსებობდა, იმავე სცენარით ცდილობენ, გაამართლონ ძვირადღირებული Lufthansa-სა და Air France-სთვის მწვანე შუქის ანთება. თუ გვიწევს იმასთან შეგუება, რომ მთავრობა ამ ეტაპზე დგას მოქალაქეებს (მომხმარებლებსა) და მიმწოდებლებს (კომპანიებს) შორის და აქვს ექსკლუზიური უფლება, დაგვიწესოს ბიზნეს ურთიერთობის წესები, როგორც მინიმუმ კორონავირუსის კრიზისს არ უნდა დაუმატონ დამატებითი გაურკვევლობა ქვეყნის გახსნის თარიღის სამჯერ შეცვლით, ემიგრანტებისა და საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის უკიდურესად გართულებით და ბიზნეს საქმიანობის შეფერხებით ქვეყნის უფრო დიდხანს ჩაკეტვის გამო.

ასევე, ეჭვს ბადებს მთავრობის პოლიტიკა ფესტივალების მიმართ. ორი კონკრეტული - "მზესუმზირა","მტკვარზე" - და სხვა ღონისძიების შემთხვევაში, მთავრობამ ორგანიზატორები პრაქტიკულად მოატყუა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთან ითანამშრომლა, გააცნო ეპიდ-წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მათ არ დააჯარიმებდნენ და საბოლოოდ, თავისივე გადაწყვეტილების, ამ ღონისძიებების კულტურულ ღონისძიებათა სიაში არ შეყვანის, გამო 10000 ლარით დააჯარიმა. ეს არამარტო სახელმწიფოს გამიზნული დარტყმაა ინდუსტრიის მიმართ, არამედ, საბოლოო ჯამში, ეს წინააღმდეგობაშივე მოდის ეკონომიკის მინისტრის სტრატეგიასთან, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა, დაინტერესებულიყვნენ შიდა ტურიზმითა და ღონისძიებებით, თუ დავივიწყებთ ფაქტს, რომ მოქალაქეები ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ ვარაუდები, თუ კონკრეტულად რა სიმძიმის გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე, უკვე გაუფასურებულ ლარზე და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე. IMF-ს ვარაუდობს, რომ 2020-ში საქართველოში მშპ-ს -4%-იანი ცვლილება არის მოსალოდნელი, ISET-ის ვარაუდით კი მხოლოდ შიდა ტურიზმის პირობებში მშპ 10%-ით შემცირდება. თვალსაჩინოებისთვის, 2019 წლის ივნისში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი $340 მილიონი იყო, რაც 2020 წელს $11.2 მილიონია. საგანგაშოა ედისონის კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 65%-ს ფინანსები საკვებისა და საჭირო პროდუქტებისთვის მხოლოდ ერთი თვე ეყოფა. მცირე რაოდენობის კვლევებიც ცხადყოფს, რომ ეპიდემიამ და ეკონომიკის გაჩერებამ გაზარდა უმუშევრობა, სიღარიბე, შეამცირა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც არცერთ შემთხვევაში ქვეყნის ჩაკეტვით, მომსახურების სექტორზე თავზე დასხმით და გადასახადების გადამხდელების ზურგზე მეტი ვალის დადებით არ გამოსწორდება.

იზრდება საქართველოს სახელმწიფო ვალიც, რომელიც Forbes-ზე დაყრდნობით 2020-ში (3.0 კურსით) ჯამში 27.6 მილიარდი იქნება, 2019 წლის ბოლოსთან შედარებით 7 მილიარდით გაიზრდება. ეკონომიკის გახსნის, სახელმწიფო ხარჯვის შემცირების, გადასახადების გაუქმებისა და ვირუსთან ერთად ცხოვრების ადაპტაციის ნაცვლად, მთავრობა ქვეყანას პირველ სექტემბრამდე კეტავს, კოლოსალური თანხებით აჯარიმებს მოქალაქეებსა და ბიზნესებს, უმისამართოდ, პოპულისტური განზრახვითა და კორუფციული ელემენტებით ზრდის სამთავრობო ხარჯებს, ხშირად მიზანმიმართულად ემტერება უცხოურ (ამერიკულ) ინვესტიციას, კონკრეტულ სექტორებს უსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს, იღებს მილიარდობით ვალს, აანონსებს ერთჯერად დახმარებას კოვიდის ფარგლებში, რომელსაც ვერც გასცემს მიზნობრივი ჯგუფების მისამართით, ზრდის პენსიას, რომლის გაზრდასაც შეიძლება მალე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, რადგან ლარმა, შესაძლოა, ზიმბაბვეს დოლარის ბედი გაიზიაროს.

კორონავირუსის ეპიდემია, "საჯარო კეთილდღეობა", "საყოველთაო ჯანმრთელობა" მთავრობისთვის ყოველთვის დარჩება მიზეზად, ისესხოს მეტი, გაფლანგოს, ხარჯოს არამიზნობრივად, საკუთარი ინტერესების ფარგლებში, უფრო მეტ თაობას ახდევინოს საკუთარი ექსპერტიზით საჭირო ვალი, უფრო დაამძიმოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რაც მთავარია, არგუმენტად სწორად მართული ეპიდემია დაასახელოს. მთავრობა მიდრეკილია ხარჯვისკენ, მხოლოდ მოქალაქეების ხელთაა გადაწყვეტილება, თუ რამხელა ძალაუფლება მისცეს მას.

 


close დახურვა