logo
ENG



ქეთევან ციხელაშვილი: ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება

22 თებ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით სოფელ წილკანში ჩავიდა. 

მისი განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი გმირია, რომელმაც საქართველოს დეოკუპაციისკენ გადადგა ნაბიჯი.  ციხელაშვილი მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელი კიდევ არ არის დასჯილი. 

„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება. მან თავი გასწირა ღირსებით და გაუტეხლობით იმ მთავარ მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ეს მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს, რადგან დაუშვებელია ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ის მსხვერპლია, ის გმირია. საუბედუროდ, დამნაშავეები, ფაქტობრივად, არიან დაუსჯელები“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი შესრულდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორში 2018 წლის  22 თებერვალს დააკავეს, მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ოკუპანტები ირწმუნებოდნენ, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. დღეს არჩილ ტატუნაშვილს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაიხსენებენ. დაგეგმილია მისი სახელობის სკვერის გახსნა. 


close დახურვა