logo
ENG



ქემოკლიძე სუს-ზე: AI-ის გამოყენებით ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერჯერობით ვერ იქმნება

16 ოქტ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/16/v0z6m119v37acco.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტიის გახარია საქართველოსთვის წევრი კახა ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ "ღრმად დაჯერებადი" ხელვნური პროდუქტები შეიქმნას.

დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების წინა დღეებში "პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები" ფალსიფიცირებული აუდო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული.

"წავიკითხე ჩემი ყოფილი კოლეგების განცხადება. ძალიან ზოგადია და რაც ცუდია პოლიტიკურად მიკერძოებულია პათოსიდან გამომდინარე.

ერთი რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა - დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად ისეთი პროდუქტის (ვიდეო/აუდიო) შექმნა, რომელიც საბაზისო ექსპერტიზით მალევე არ იდენტიფიცირდება როგორც ხელოვნურად მანიპულირებული პროდუქტი, უბრალოდ შეუძლებელია!

მე არ ვიცი რისი ეშინიათ (ან ეშინიათ კი საერთოდ) ოცნების “გენიოსებს”, მაგრამ AI-ის გამოყენებით ასეთი, ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერ-ჯერობით ვერ იქმნება. ე.წ. Deep Fake -ი ცხადია გამოწვევაა, მაგრამ AI-ი ჯერ-ჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პროდუქტი ისეთ მაღალ ხარისხში იქნეს დამუშავებული რომ დაიფაროს მისი ხელოვნურად მანიპულირება"- წერს ქემოკლიძე.


close დახურვა