ქვემო ქართლის ტელეკომპანია TV4, რომელიც ყოველწლიურად ათობით ათას ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პრორუსულ და ძალადობრივ ალტ-ინფოს საეთერო დროს უთმობს.
მაგალითად, TV4-ის ეთერში ალტ-ინფოს საინფორმაციო გამოშვება დღის სიახლეები გადის, რომელმაც 17 მაისს, ქსენოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღე გააშუქა, ხოლო 18 მაისის გამოშვების დროს ჟურნალისტმა ოპოზიციას "რადიკალები" უწოდა. ალტ-ინფოს ლიდერები და დამფუძნებლები 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან, რა დროსაც მათ თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისები დაარბიეს, ამასთან, თავს დაესხნენ 50-ზე ჟურნალისტს.
გასული წლის აპრილში კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ალტ-ინფოს ტელევიზია 2 500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ საუბარია გადაცემა ალტ-ანალიტიკაზე, რომელშიც მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვემო ქართლის ტელეკომპანია დაარსდა 1998 წელს. ტელეკომპანია ფლობს სამ სიხშირეს: რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის.
დირექტორი, გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, რომ ალტ-ინფოს საეთერო დრო ფინანსური პრობლემების გამო მიჰყიდეს. მისივე თქმით, არხის სარედაქციო პოლიტიკა ალტ-ინფოს იდეებს არ იზიარებს და "როგორც სარეკლამო რგოლს უშვებ ეთერში, ისე გადის მათი გადაღებული გადაცემები".
"საეთერო დრო აქვთ შეძენილი, შესაბამისად, გადის ჩვეულებრივად ეთერში. სამწუხაროდ, გვიწევს ამის გაშვება იმიტომ, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ტელევიზიას, არ აქვს რეკლამა, არ აქვს გრანტები, შესაბამისად დახურვის პირას ვიყავით და მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს მგალობლიშვილი ფორმულანიუსთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, ალტ-ინფოს საინფორმაციო გამოშვება ერთთვიანი სატესტო რეჟიმის ფარგლებში ყოველდღიურად გადის, დაახლოებით 4-5 საათი დღეში, სამომავლოდ კი თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება.
"მარეგულირებელ კომისიას რომ ჰქონდეს რაიმე კონკრეტული შეხედულება ამ თემის მიმართ, ჩვენც, რა თქმა უნდა, გავიზიარებდით", - ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოს გადაცემის ტრანსლაციისას არ არის მინიშნება, რომ საეთერო დრო გაყიდულია ან ის, რომ ტელეკომპანია პრორუსული ორგანიზაციის იდეებსა და გადაცემების შინაარს არ იზიარებს.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში.
მხოლოდ 2022 წლის საწყის 4 თვეში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ უკვე მოასწრო 113 559 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული ტენდერის მოგება. ტენდერები გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მიერ იყო გამოცხადებული და ორივე შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტი TV4 იყო. გასულ წელს TV4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 50 ათასლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, 2020 წელს ტენდერებიდან კომპანიამ 345 ათასი ლარი მიიღო, ხოლო 2019-ში - 466 ათასი.