ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ვირუსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავენ და პრევენციისთვის საჭირო გეგმაზე შეთანხმდებიან.
საკოორდინაციო საბჭოში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ერთიანდებიან, მათ შორის საგარეო, სასაზღვრო და დაავადებათა კონტროლის უწყებების წევრები.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საბჭო განიხილავს იმ საკითხებს, რომელიც შეიძლება, კორონავირუსთან ბრძოლის დროს გზადაგზა წარმოიქმნას.
„ჩვენი ქმედებები, რომელიც ერთი კვირაა ძალიან თანმიმდევრულად მიმდინარეობს შედეგობრივია და ამ დროისათვის ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსი არ გახლავთ. დღევანდელ საბჭოს სხდომაზე მინდა შევეხო იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომელიც შეიძლება გზადაგზა წარმოქმნილიყო. იმისათვის, რომ შემდეგი დღეებიც ისეთივე წარმატებით გავიაროთ, როგორც წინა კვირა გავიარეთ“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოს ერთ მოქალაქეს ამოწმებენ, რომელიც უხანიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს უკვე შეამოწმეს 2 არასრულწლოვანი ჩინეთის მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ მათ A ტიპის გრიპი დაუდგინდათ.
31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.