ევროპის ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად საგანგებო ზომებს იღებენ.
გერმანია დღეიდან საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. საგანგებო ზომები გავრცელდება შვეიცარიაზე, ავსტრიაზე, დანიაზე, საფრანგეთსა და ლუქსემბურგზე. გარდა ამისა მოსახლეობას გადაადგილებაც ეზღუდება. გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში დაინფიცირების შემთხვევებმა 4 800-ს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა კი 12-ს მიაღწია.
საზღვრები ჩაკეტა სერბეთმა მთელ რიგ ქვეყნებთან და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სემესტრის ბოლომდე დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები. საავადმყოფოებს, სადაც კარანტინში მყოფი მოქალაქეები არიან, სამხედროები დაიცავენ. სამთვიანი პატიმრობა ემუქრება ყველას, ვინც საკარანტინო წესებს დაარღვევს. სერბეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 46 შემთხვევაა დადასტურებული.
იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ევროპის ცხელ წერტილებად რჩება. იტალიაში მსხვერპლი 1809-მდე გაიზარდა. ესპანეთში 288 დაიღუპა, საფრანგეთში კი 120. 35-მდე გაიზარდა კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მაღაზიებთან ხალხის გრძელი რიგი დგას, ზოგიერთ სუპერმარკეტში კი დახლები დაცარიელდა.
შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდმა ეკონომიკის დასაცავად საპროცენტო განაკვეთი ნულ პროცენტამდე შეამცირა. ევროპიდან ჩასული ყველა მგზავრი აეროპორტებში სკრინინგს გადის. ქვეყნის მასშტაბით დაავადებამ 65 ადამიანი იმსხვერპლა, 3500-მდე დაინფიცირებულია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვითარება შეერთებულ შტატებში კონტროლს ექვემდებარება.
დაინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა თურქეთშიც. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19 -ის სულ 18 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელში დაიხურა სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები და თეატრები. ქვეყანაში მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, აფთიაქები და სუპერმარკეტები მუშაობს.