logo
ENG



ქვიარ სათემო ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

13 ივლ 202100:05
3 წუთის საკითხავი
 
ქვიარ სათემო ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

ქვიარ სათემო ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. 

მათი განცხადებით, ის, რაც 12 ივლისს პრემიერმინისტრმა თქვა, ანტიკონსტიტუციურია და ეხმაურება ქვიარ თემის ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ღარიბაშვილის მტკიცებით, "რევანშისტული ძალა" დგას როგორც პრაიდის, ისე მოძალადეების უკან. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა სააკაშვილს დააბრალა "მასშტაბური პროვოკაციის" მოწყობა და თქვა რომ ის მართავს მოძრაობა "სირცხვილიას", რომელიც პრაიდის თანაორგანიზატორია. ასევე, მან რუსთაველის გამზირზე ლგბტ თემის უფლებების დაცვისთვის დაგეგმილ ღირსების მარშს "აღლუმი" უწოდა. 

ქვიარ ორგანიზაციების განცხადებით, მცდარია ღარიბაშვილის სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. 

"ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის აძლევს ძალადობის ლეგიტიმაციის უფლებას.

პრემიერმინისტრმა საჯაროდ უარყო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე, თავიდან აირიდა პასუხისმგებლობის აღება ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის, როგორც მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, დარღვევის ხელშეწყობაზე.

უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა და არამხოლოდ საფრთხეს გვიქმნის ქვიარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გავხდით მოძალადე ჯგუფების დევნის ობიექტი, არამედ, წარმოადგენს უმცირესობათა ხმების ჩახშობისკენ აშკარა და პირდაპირ მოწოდებას, ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებას, პირდაპირ ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას, არის საშიში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ძირგამომთხრელი კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის. 

აღნიშნული პოზიციით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას, მცდარ ინტერპრეტაციებს აძლევს ქვიარ ადამიანების საჭიროებებსა და წუხილებს და ნერგავს სიძულვილს, რათა ჩაახშოს სოციალური წინააღმდეგობები.

სათემო ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი საქმიანობის მსგავს ინტერპრეტაციას, წლების განმავლობაში ვებრძვით ქვიარ თემით მანიპულაციას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაგვართვას აგენტობა სოციალურ პროცესში. 

5 ივლისს და შემდგომ დღეებში განხორციელებული ძალადობათა ციკლი ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ, იყო დაშვებული და ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც არ უზრუნველყო ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტით დანაშაულის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება, დასჯა, დანაშაულთა პრევენცია და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ სასტიკი ძალადობის არ აღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას". - ნათქვამია ქვიარ სათემო ორგანიზაციების განცხადებაში. 

ხელისმომწერი ორგანიზაციები:

თანასწორობის მოძრაობა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

იდენტობა იუს

თემიდა


close დახურვა