logo
ENG



ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების გადაცემას ითხოვს

12 მაი 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია სოფლის მომიჯნავე, ჩაის ყოფილი პლანტაციის ტერიტორიაზე გამართეს.

ადგილობრივების თქმით, ათეულობით ჰექტარი ტერიტორია წლების წინ ერთ-ერთ ბიზნესმენს გადაეცა, რომელსაც პლანტაციის განახლებისა და მოსახლეობის დასაქმების ვალდებულობა ჰქონდა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, პლანტაციები კი გაველურდა. სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის გადახედვასა და მოგვარებას სთხოვს.

„გატყევებულია ყველაფერი. ვართ 9-სულიანი ოჯახი. მიწას ვითხოვ, რომ რაღაცა მოვიყვანო. ყველა ასეა ოჩხამურში“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთი არის კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ორას ჰექტარზე ოდნავ მეტია, იმყოფება კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი 2008 წელსაა გასხვისებული. ამ მიწინ ნაკვეთის განკარგვა, სარგებლობაში გადაცემა მხოლოდამხოლოდ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და შესაბამის მხარეს შორის არსებულ შეთანხმების საგანს“, - აცხადებს მერი.


close დახურვა