logo
ENG



ქობულია აქციაზე: მოვუწოდებ მთავრობას, აღკვეთონ ასეთი სახის პროვოკაციები, ტურიზმს ურტყამს

01 აპრ 202116:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/vcuz8159tjn8s38.jpg

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით სამარცხვინო საქციელია და ტურიზმის რეპუტაციას ზიანს აყენებს. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

ქობულია მიიჩნევს, რომ ადამიანს "განსხვავებული აზრის გამო ქვა არ უნდა ესროლონ":

"გავიაზროთ ყველამ, რას მივაღწიეთ ჩვენ იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ. რას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ? მიაღწია იმას, რომ ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ეს ადამიანი, შეიძლება არ მოგვწონდეს. ეს არის ჟურნალისტი, რომელმაც გამოთქვა თავისი აზრი. ეს აზრი შეიძლება ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამის გამო ადამიანს ქვა არ უნდა ვესროლოთ", - აცხადებს ქობულია.

როგორც მან აღნიშნა, პოზნერისა და გავრილოვის ვიზიტების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა აბსოლუტურად სხვა საკითხია. 

"გავრილოვის ამბავი აბსოლუტურად სხვა იყო. გავრილოვის ამბავი იყო ოფიციალური ვიზიტი და ჩამოვიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. როგორ შეიძლება შეადაროთ გავრილოვის საკითხს, როდესაც ჩვენთან ჩამოდის სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოყავს თავისი სტუმრები და იხდის დაბადების დღეს და ჩვენ მას ვადგებით კარზე და ქვებს ვესვრით", - განაცხადა ქობულია.

ამასთან, მან ხელისუფლებას მსგავს საკითხებში მეტი გაბედულობისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ცოტა მეტი გაბედულობა სჭირდებათ. მათ უნდა აღკვეთონ ასეთი სახის პროვოკაციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასეთი სახის დივერსიები ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს. ჩვენი ტურიზმის შემოსავლები 50%-ზე მეტი შემოდიოდა რუსეთიდან შემოსული ტურიზმით", - განაცხადა ქობულიამ.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.

იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.

ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა. 

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. 

პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.

სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა. 

აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. 

პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.

სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. უწყებას დაჯარიმებული პირების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია. 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

 

 


close დახურვა