ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ხუთი ადამიანია მოთავსებული. მათ შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელი და ერთი მესაზღვრე, რომელსაც შეხება ჰქონდა იმ პირთან, ვისაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუდასტურდა.
როგორც ჟურნალისტებს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, ხუთიდან ერთის პასუხი უარყოფითია, ოთხი პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.
„ამჟამად, კორონავირუსთან დაკავშირებით 5 პაციენტი იმყოფება სტაციონარში. აქედან ერთის პასუხი მიღებულია - ჩვეულებრივი ვირუსია. ოთხის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ველოდებით პასუხებს. ყველა ესენი რისკ-ზონაში არიან ან რისკ-ზონიდან ჩამოსულებიდან კონტაქტში არიან ნამყოფი. მოთავსებულებს შორის არიან აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრე. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, თემურ ნადირაძემ.
