ქუთაისის ტორპედოს გუნდში ფინანსური კრიზისია. იტალიელმა ინვესტორმა კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა. გუნდს ტოვებენ ლეგიონერები.
ფეხბურთელები ეროვნული ლიგის 4 ივლისს დანიშნულ ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ამიტომ მოედანზე ახალგაზრდული გუნდი გავა.
"აქამდე თუ თამაშებზე გავდიოდით, ეს იყო ქუთაისის, ტორპედოს, იმ სახელის და ისტორიის გამო, რაც ამ გუნდს აქვს. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ყველას პრობლემები გვაქვს, ყველას ოჯახი აქვს და ვერავინ ფიქრობს ფეხბურთზე. გადავწყვიტეთ, რომ საბურთალოს წინააღმდეგ თამაშზე არ გავიდეთ". - ამბობს ერთ-ერთი ფეხბურთელი.
ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა არ იცის, როდის შეიძლება მოგვარდეს გუნდში არსებული პრობლემები.
"იანვრის შემდეგ 2 ხელფასი აქვთ აღებული. ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა. ყველას ოჯახი ყავს. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ რაღაც უნდა გაირკვეს, რომ ან რაღაც წყდება სასიკეთოდ, ან არ ვიცი. ფეხბურთელიც არ დაგვრჩება 4 რიცხვის შემდეგ". - ამბობს გუნდის მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი.