ქუთაისში 20 სკოლასა და 17 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მიზეზად სოკარ გაზის ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში გუშინ მომხდარი ავარიული შემთხვევა სახელდება.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის სწავლა ერთი დღით შეჩერდა და ხვალ ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„ქალაქში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია ბუნებრივი აირის შეზღუდვით, იმ ტერიტორიებზე სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 20 საჯარო სკოლაში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღის განმავლობაში შეჩერებულ იქნეს სასწავლო პროცესი, რომლის აღდგენაც მომდევნო შაბათი დღის ხარჯზე მოხდება. სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
გუშინ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, გაზი ქუთაისში 44 ათას აბონენტსა და სტრატეგიულ ობიექტს არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის კი 35 ათასი აბონენტია გათიშული.