logo
ENG



ქუფარაშვილი აზოვზე: პუტინის გეგმას სილა გააწნეს, ეს არის ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო

20 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
 

აზოვის პოლკის ერთ-ერთი შემქმნელის, უკრაინაში მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილის თქმით, აზოვის ბატალიონი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა მან მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზოვსტალში გამაგრებულმა მებრძლებმა პუტინის გეგმას "სილა გააწნეს".

"რაც შეეხება აზოვს - ერთმა პატარა ქვედანაყოფმა პუტინის გეგმას და მის გენერალიტეტს ფაქტობრივად სილა გააწნა, ჩაუშალა. დღეს ყველა აზოველები ვართ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ყველა ვიბრძვით, რომ რაღაცნაირად ამ იმპერიული ძალის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ, აზოვი დღეს გახდა სიმბოლო. მას [პუტინს] უნდა, რომ ეს სიმბოლო გაანადგუროს. დასაჯოს მარიუპოლი თავისი აზოვით, რომ ანახოს, რომ თქვენი საუკეთესო ქვედანაყოფი და იმედი გაანადგუროს", - თქვა მან.

ქუფარაშვილის თქმით, ზელენსკისგან იყო შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში მებრძოლებს აზოვსტალი დაეტოვებინათ, თუმცა როგორც მან აღნიშნა, იქ გამაგრებული ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოლებენ და არ დანებდებიან.

"ჩვენ ყოველთვის გვქონდა ე.წ მოქმედებათა გეგმა, სხვადასხვა ვარიანტები. პრეზიდენტისგან იყო ასე თუ ისე შემოთავაზებული, თუ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს საჭიროა, დავტოვოთ და გამოვიდეთ, მაგრამ აზოვი არ გამოვა, აზოვი არ აპირებს იქიდან გამოსვლას, არ აპირებს თავის დაღწევას. ეს ბიჭები დარჩებიან ბოლომდე, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა ყოველი მათგანის. ეს არის სიმბოლო - "ჯობია დავიხოცოთ, მაგრამ არ დავთმობთ". ეს არის სიმბოლო ქვეყნის თავისუფლების. თავისუფლება უსისხლოდ არ მოდის, ბრძოლის გარეშე არ მოდის. ეს შესაწირი მსხვერპლი, შეიძლება ჩვენები იყვნენ, აზოვის ქვედანაყოფი. შეიძლება იყოს გაკეთებული კორიდორი, უმაღლესმა მთავარსარდალმა მიიღოს გადაწყვეტილება და გასცეს ბრძანება, რომ პოლკმა თავისი გარნიზონით დატოვოს ტერიტორია და ამას, რა თქმა უნდა, დაემორჩილებიან, მაგრამ ის ვარიანტი, რომ გამოსასვლელი იყოს და გამოვიდნენ, ქვედანაყოფი არ გამოვა"- ამბობს ქუფარაშვილი.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მათი მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს, აზოვსტალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებია. ქუფარაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია იარაღის მიწოდება და ცის დაკეტვაა.

"ერთადერთი გვესაჭიროება, რომ გაიყვანონ მოქალაქეები, რომლებიც ბოჭავენ ჩვენს მოქმედების თავისუფლებას. მოქმედების თავისუფლება იზრდება, არეალი იზრდება, მეტი მოქმედება შეგვიძლია და საჭიროა იარაღის მოწოდება. მთავარია, ცა დავკეტოთ. სამწუხაროდ, რუსები აკონტროლებენ მარიუპოლის თავზე საჰაერო სივრცეს. ცა თუ დაიკეტა, მე გარანტიას გაძლევთ, რომ მოგაწვდით ქმედებებს, რომლითაც როგორც უკრაინელებს გავახარებ, ისე ქართველ მოსახლეობას. ამის შესაძლებლობა კიდევაა დარჩენილი" - თქვა ქუფარაშვილმა.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

რუსეთმა აზოვსტალში გამაგრებულ მებრძლებს დანებება სამჯერ მოსთხოვა, თუმცა მარიუპოლის მცველებისგან სამივეჯერ უარი მიიღეს.


close დახურვა