ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე, რომელიც წლებია საქართველოში რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ჩოხატაურში მეჩეთის მშენებლობის საკითხის გარშემო დაწყებული დაპირისპირება სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
ღავთაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ საგანგაშოა.
"ასეთ ფაქტებს ახალისებს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების ისეთი განცხადებები, როგორიც არის, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო და ასევე განცხადებები, რომ მხოლოდ უმრავლესობას აქვს გარკვეული უფლებებით სარგებლობის უფლება, რაც შობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ და რომ უმცირესობები არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები", - აცხადებს ღავთაძე.
გუშინ, 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს, საიდანაც 2 არასრულწლოვანია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.