ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალი, დანიელ ხაგარი აცხადებს, რომ ჯარი ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს დიდ ზიანს აყენებს.
მისივე თქმით, ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აღრმავებს. ხაგარი ამბობს, რომ 8 ნოემბერს, 50 000 ადამიანი ღაზის სამხრეთ ნაწილში, ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით გადაიყვანეს.
"ჩვენ სახმელეთო ოპერაციას ვაღრმავებთ და იმ შახტებს ვბლოკავთ, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებს უკავშირდება. ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს სერიოზული დარტყმა მივაყენეთ - ეს დანაყოფები სტრატეგიულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ჰამასის ლიდერები რეალობას არიან მოწყვეტილი. ჩვენ ვიხილეთ, როგორ მიდის 50 000 ადამიანი, ღაზას მცხოვრებლები, სამხრეთის მიმართულებით - ისინი მიხვდნენ, რომ ჰამასმა კონტროლი დაკარგა", - თქვა მან.
IDF-ის სპიკერის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება, თუმცა მოსახლეობის ევაკუაციის გასამარტივებლად "ჰუმანიტარული პაუზები" გამორიცხული არ არის.