პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა, ახლა ამბობს, რომ ქორწილებისგან და ქელეხებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამის შესახებ მან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგენისას განაცხადა.
"მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის. ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მგონი, კიდევ უფრო სასურველია", - თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს დაწესებული ახალი შეზღუდვები ეკონომიკის ზრდაზე გავლენას არ იქონიებს.
მთავრობის დადგენილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მთავრობა კერძო სექტორსაც მიმართავს.