logo
ENG



ღარიბაშვილი: 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება

01 აგვ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

"ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება.

მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება.

ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში". - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა