პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
"რამდენიმე თვის წინ დავავალე ეკონომიკის სამინისტროს, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო საზოგადოებას. პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში და ის განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.