ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია "არ დაუშვებს პატრიოტი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას".
ღარიბაშვილის მტკიცებით, დღეს ქართული სასამართლო "ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას".
"დღეს ქართული სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას. ეს არის ჩვენი სასამართლო. ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან, უცხო ქვეყნებმა. ეგეც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მით უმეტეს, ზოგიერთი აგენტის ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ყველა რეიტინგისა და გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით.
ეს კამპანია, რაც არის ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, ეს არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს", - აღნიშნა მან.
გუშინ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება "კატეგორიულად" მიუღებელია. მან თქვა, რომ ყოველგვარ მონიტორინგზე უარს ამბობს და მისი შემოწმების უფლება არავის აქვს.
***
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".
სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.