პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია ბორჯომს მუშაობაში პრობლემა აღარ ექნება და ბრენდი ოპერირებას გააგრძელებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკითხი რამდენიმე დღეში მთავრობის სხდომაზე გადაწყდება.
"ამ საკითხზე ჩვენ დაპირებისამებრ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთანაც, მფლობელებთანაც, ყველასთან გავიარეთ საკითხი. იცით, რომ არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს, რომელიც, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს.
უკვე დავავალე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ბორჯომს ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას, რა თქმა უნდა ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული", – თქვა ღარიბაშვილმა.
IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობა წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. მათი თქმით, დათანხმების შემდეგ კომპანია ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას შეძლებს.
ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.
კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.