logo
ENG



ღარიბაშვილი: დავიცვათ პირბადის ტარების წესი, რათა მესამე ტალღის განვითარება არ დავუშვათ

11 მარ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: დავიცვათ პირბადის ტარების წესი, რათა მესამე ტალღის განვითარება არ დავუშვათ
საქართველოს პარლამენტი

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა. ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინაციის დაწყებამდე დაიცვან პირბადის ტარების წესი, რათა ქვეყანაში არ განვითარდეს კორონავირუსის მესამე ტალღა. 

ღარიბაშვილის თქმით, ვირუსის განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში კოვიდრეგულაციები კვლავ გამკაცრდეს.

"ბოლო დღეებში შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც დაუშვებელია. თხოვნით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს მარტივი წესი დავიცვათ, რათა ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება არ დავუშვათ. მანამდე სანამ დაიწყება ვაქცინაცია, მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, რათა ხელი არ შეეწყოს ვირუსის განვითარებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ", - აცხადებს პრემიერი.

პრემიერის თქმით, ის უშუალოდ არის ჩართული მწარმოებელ კომპანიებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში, რათა ქვეყანამ ძალიან მიიღოს ვაქცინის პირველი პარტია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მოსალოდნელია, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოს დაიწყოს. გაბუნიას თქმით, როგორც დაანონსებული იყო, საქართველო კოვაქსის პლატფორმით, 22 მარტის კვირაში ელოდება ფაიზერის ვაქცინას. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილონ.

დღეს, 11 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 310 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%. 


close დახურვა