ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს, როცა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, მან 2008 წლის აგვისტოში "წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გაუზიარა".
"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე". - თქვა პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
პასუხად დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, უკრაინას კი თავდაცვის გაძლიერებაში სხვადასხვა ფორმით ეხმარება.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დასავლეთს დააკვირდება, ვინაიდან ახლა რუსეთი არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლას ცდილობს. ამასთან, მისი აზრით, იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, ხოლო საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, საფრთხე არ ემუქრება.