პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივობებსა და გადარიცხვებთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა "დეტალური განმარტებები" გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმითვე, თუ "საჭირო საჭირო იქნება" ივანიშვილი დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.
პრემიერმინისტრი ასევე ამბობს, რომ ამ თემაზე დეტალებში არ შევა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მათი მთავრობის "განსახილველი არაა".
"მე მოვისმინე ინფორმაციები, რომლებიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს გადარიცხვებთან და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და როგორც მოვისმინეთ, ასევე პრესკონფერენციაც შეიძლება გაიმართოს, თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, თუ ეს საჭირო იქნება. ყველა ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც უკავშირდებოდა ბანკის საქმიანობას და მე ამ დეტალებში არ შევალ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არაა, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ამას ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ადვოკატის მხრიდან საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე დაესვა დამატებითი პასუხები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნათელია"- თქვა ღარიბაშვილმა.
საქმე 9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის, CISION-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს.
სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა.
ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".
ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.
11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.