პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული რჩევა შემდეგია: პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა.
"და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე ყველაში ვგულისხმობ ყველას. არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია". - თქვა მან დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასთან ხელისუფლების დიალოგი გრძელდება, თუმცა, "ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ - ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის განცხადებებით".
გუშინ, 16 მარტს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ "ეუთოს შეფასებით, 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი".
"ეს განცხადებები გამორიცხავს კითხვებს, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.
ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი - რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა იმ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კონსტრუქციული ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი". - თქვა ღარიბაშვილმა.