logo
ENG



ღარიბაშვილი: მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე

02 აპრ 202100:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/02/ud6iwc3tay0c9kt.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერის თქმით, ყველა პირი, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

"დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. 

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა. 

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან - მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.


close დახურვა