პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები", - თქვა ღარიბაშვილმა.
28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა.
შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ლეიბორისტულ პარტიას, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.