საქართველოს მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ ელჩების ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გეგმის ფარგლებში ხელისუფლება მედიკამენტების ფასების შემცირებაზე მუშაობს.
ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაწყებულია და შედეგები 1-2 თვეში იქნება სახეზე.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მედიკამენტების ფასების შემცირება, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე სწრაფი ეფექტი გვექნება უახლოეს 1-2 თვეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოქმედმა პრემიერმა კონფერენციის ფარგლებში ასევე ისაუბრა 10-წლიან გეგმაზე, რომელიც ყველა უწყებისთვის კონკრეტული მიზნებითაა გაწერილი. პრემიერის თქმით, გეგმის ფარგლებში 2030 წლისთვის ეკონომიკა გაორმაგდება, სოციალური პოლიტიკა შეიცვლება, სამუშაო ადგილები შეიქმნება და სიღარიბე და უმუშევრობა დაიძლევა.