logo
ENG



ღარიბაშვილი: ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთ

24 ნოე 202100:09
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მავნებლური და დამაზიანებელია გამკაცრებას საჭიროებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სოციალურად დაუცველები დახმარებას იღებენ, შემდეგ კი ამ ფულს ნარკოტიკებში ან აზარტულ თამაშებში ხარჯავენ, რაც ტრაგიკულია.  

"მიმდინარე ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელი ჩვენი შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის. მე ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ. პრაქტიკამ, შედეგებმა, სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობა არსებობს, მით უმეტეს, ახალგაზრდებში. 

წარმოვადგინოთ, ერთი მხრივ, განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად - კაცი არის სოციალურად დაუცველი, ყოველთვიურად იღებს დახმარებას, შემდეგ ამ დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს, ჩუქნის ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად, განზოგადებულ უბედურ შემთხვევას ვამბობ. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. და ამას სასწრაფოდ ჩარევა სჭირდება". - ამბობს ღარიბაშვილი. 

მისი განცხადებით, უნდა შეწყდეს ახალგაზრდების მიერ ფსიქოტროპული ნარკოტიკების მოხმარება და ამ მიზნით მაქსიმალურად გამკაცრდება აფთიაქების კონტროლი. 

"გადაიხედება ნარკოპოლიტიკა. ამ გადახედვის ფარგლებში გამკაცრდება რეალიზაცია. აფთიაქებს, რომლებიც წამლებს ურეცეპტოდ გასცემენ და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას - ეს უნდა შეჩერდეს. ამას სჭირდება ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან". - თქვა მან. 

წამყვანის კითხვაზე, როგორ უნდა დავეხმაროთ ლუდომანებს და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოლოგიურად, ღარიბაშვილი პასუხობს: 

"Public work, შრომა, შრომა და შრომა. უნდა დავაწყებინოთ მუშაობა ამ ადამიანებს და მათი რეალური რესურსები, უნარები უნდა მივმართოთ განვითარებისკენ, აღმშენებლობისკენ და არა რაღაც გაუგებარი, არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. 

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება არის სპორტი, მუშაობა, დასაქმება - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა". 


close დახურვა