logo
ENG



ღარიბაშვილი: ომიკრონის შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ აგერ მაგალითი

14 თებ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს, ამის მაგალითი კი თვითონაა - აიცრა, თუმცა მაინც დაემართა. მან ეს ანტივაქსერული განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ღარიბაშვილმა ამით ახსნა მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება.

"დელტასა და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ალბათ, უმეტესობაში, ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემუქრება ომიკრონი - მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია არაერთი სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის პარალელურად მან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიებზე ისაუბრა.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7% არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული.

მონაცემები მოცემულია 2021 წლის 15 მარტიდან-31 დეკემბრის ჩათვლით.


close დახურვა