ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა აშენდება.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ შენობას.
"7 წელია, ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს თავისი შენობა, რაც სირცხვილია. ამიტომ ლევან დავითაშვილთან ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც თანამედროვე სტანდარტების შენობაში თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება.
ასევე, დიდი გამოწვევაა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება. წელსვე გვინდა, რომ ჩვენ ეს პროექტი დავიწყოთ. ამას ილია დარჩიაშვილი განახორციელებს. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24-საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს შეეხება. ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტები, 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტების მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ აქტიური მუშაობისკენ. გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი და ამბიციური გეგმა მოკლე ვადებში შევასრულოთ". - თქვა ღარიბაშვილმა.