პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლით ნაციონალურ მოძრაობას 7-8% დაემატა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, 7-8% დაუჯდათ "გახარიას ღალატი" და ამ ფონზე 47%-ს აღება "სერიოზული მიღწევაა".
"აღმოჩნდა, რომ ჩვენ არათუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა დაახლოებით 7-8%, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამას გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოსვლა ასევე ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, 7-8% მათაც დაემატათ და ამ ყველაფრის ფონზე 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება არის სერიოზული მიღწევა", - თქვა ღარიბაშვილმა იმედზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. გარდა ამისა, 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში პირველივე ტურში გაიმარჯვა, 20 ქალაქში კი, მათ შორის თვითმმართველებში, მეორე ტური გაიმართება.