პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ. ეს განცხადება მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.