logo
ENG



ღარიბაშვილი: უინტერესოა, რას იტყვის რომელიმე ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი

23 ნოე 202122:06
3 წუთის საკითხავი
clock 1969
ღარიბაშვილი: უინტერესოა, რას იტყვის რომელიმე ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისთვის დასავლელი პარტნიორების შეფასებები საინტერესო არ არის. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მმართველ პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "მეგობართა კლუბის" წევრები აკრიტიკებენ. 

"რაც შეეხება მათ მცდელობას, რომ საგარეო ფრონტიდან რამენაირად მოგვწყვიტონ [საქმეს] და ჩვენი კონცენტრირება მოახდინონ ნაკლებად საინტერესო საკითხებზე: ერთი რამე მინდა ვთქვა - კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში. მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა ენმ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები, მათ შორის, აშშ-ში, ევროპაში, ევროპარლამენტარებს და კონგრესმენებს ვგულისხმობ, ასევე, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ექსპერტებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. 

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს უხეში და არადიპლომატიური განცხადებები დასავლელი პარტნიორების მიმართ. 

მაგალითად, ევროპარლამენტარებზე, ანა ფოტიგასა და ანდრიუს კუბილიუსზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ვიღაც ფოტიგას და კუბილიუსის ჭკუაზე ვერ გაივლის და რომ მათ თავის ქვეყანას უნდა მიმართონ". 

ანა ფოტიგას მმართველმა გუნდმა უარი უთხრა, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის დაწესებულებაში მოენახულებინა. სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ლიეტუველ დეპუტატს, ჟიგიმანტას პავილიონისს და მას "გიჟიმანტასი" უწოდა. 

მმართველმა პარტიამ უარი თქვა, შეესრულებინა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები. 


close დახურვა