logo
ENG



ღარიბაშვილი: ფაიზერთან მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც ზაფხულში შემოვა

17 მაი 202111:13
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ფაიზერთან მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც ზაფხულში შემოვა
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფაიზერთან ვაქცინის მილიონ დოზაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც ქვეყანაში ზაფხულში შემოვა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკებები ასევე ​მიმდინარეობს ​სინოფარმისსინოვაკის, მოდერნასა და ნოვავაქსის ვაქცინების შემოტანაზე. 

"ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში დეტალური ინფორმაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ფაიზერის დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი.

გვაქვს მოლაპარაკება ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ქარხნებთან უშუალოდ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასთან და ნოვავაქსის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ​კორონავირუსის ვაქცინით 738 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 89 260 ადამიანია აცრილი.


close დახურვა