პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.
ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამ თემას შეეხო და ძირითადად ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:
"მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, ნაციონალური მოძრაობისა და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, ამჯერადაც ეს გააკეთეს იმის ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურისტების შემოსვლა, მით უმეტეს, ამ ვითარებაში.
ყოვლად დაუშვებელი იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, პოზნერსა და მის სტუმრებს ჰქონდათ კოვიდპასპორტები, ასევე, ტესტის უარყოფითი პასუხები, შესაბამისად, მათ კანონი არ დაურღვევიათ. რაც შეეხება კომენდანტის საათის დროს შეკრებას, ღარიბაშვილის თქმით, "ეს მიუღებელია და ისინი დაჯარიმდნენ". მან პოზნერზე თქვა, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და საქართველოს ხშირად სტუმრობს.
"პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, ამასთანავე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდპასპორტები, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხები, შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება - დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".