საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და "მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია".
ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-გერმანიის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ღარიბაშვილმა "იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას."
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმა შოლცს მიაწოდა "დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად".
"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით." - წერია განცხადებაში.
ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შოლცთან შეხვედრის შესახებ ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ შოლცთან ერთად განიხილა "საერთო ხედვა ძლიერი ევროპისთვის".
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საზიარო ღირებულებებს ეფუძნება.
ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ და გადამწყვეტი მნიშვნელობის ქმედებების აუცილებლობა. საქართველო ევროკავშირის ერთგული მოკავშირეა" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.