logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენ შევიტანთ წვლილს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ევროპაში

17 დეკ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტის შედეგად საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემებით ევროპა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებას შეძლებს. ამის შესახებ მან რუმინეთში პლენარული სესიაზე - სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში ისაუბრა.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩემი მთავრობისთვის ეს ინიციატივა, სანდო სატრანზიტო პარტნიორად ყოფნა გვაძლევს საშუალებას, ეს ჰიდროენერგეტიკული რესურსი მივაწოდოთ კასპიის ზღვიდან დასავლეთს და ამ პროექტის განხორციელება ახალ განზომილებას გვაძლევს სტრატეგიული განვითარებისა და პარტნიორობისთვის.

კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს უშველებელი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის კუთხით. ჩვენ შევიტანთ წვლილს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ევროპაში", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

მისი თქმით, "არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა" უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად.

"საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადების რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა [სინქრონული თარგმანი].

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფება - ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.


close დახურვა