logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

26 თებ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის "დროული რეაგირებით", ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა კორონავირუსს გამკლავებოდა, ხოლო "ვაქცინის დეფიციტმა მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება გაართულა". 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ "ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა". 

"წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს", - ამბობს ღარიბაშვილი. 

24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებს, თუ მწარმოებლებმა არ დააღალატეს. 

გამყრელიძის განცხადებით, ფაიზერმა და მოდერნამ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ვერ შეასრულეს და სწორედ ამიტომ დაუგვიანდა საქართველოს მათ მიერ წარმოებული ვაქცინების მიღება.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები იგეგმება კოვაქს პლატფორმას, ფაიზერსა და საქართველოს შორის, რათა განსაზღვრონ თარიღის მიღების დრო.


close დახურვა