პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა საწარმოთა რეფორმების საბჭოზე დაიწყებს მუშაობას. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა კომპანიები კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტს დაუახლოვდნენ.
ღარიბაშვილის თქმით, რეფორმას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. პრემიერის განცხადებით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულნი არიან მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.
"დღეს მთავრობის სხდომაზე შემდეგ საკითხს გამოვიტანთ - ეს ეხება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმების საბჭოს. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა ეს კომპანიები კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტს დაუახლოვდნენ. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება. სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ჩვენ ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განვითარების საბჭოს, რომელიც სახელმწიფო საწარმოთა სტრატეგიას შეიმუშავებს, რომელიც სახელმწიფო საწარმოთა კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებს", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში.
"რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ საქართველოში საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე ფისკალური რისკების შემცირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.