პარლამენტში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ რანგში ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე პირველად წარსდგა. იგი საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. მინისტრის საათის ფარგლებში მივიდა.
ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას. უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7, მე-4 სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.