logo
ENG



ღარიბაშვილი 20 ივნისის აქციაზე: არავის ვაპატიებთ უკანონო ქმედებას

13 ივნ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოძრაობა სირცხვილიას მიერ 20 ივნისს დაორგანიზებულ მარშთან დაკავშირებით ამბობს, რომ "არავის აპატიებენ არცერთ უკანონო ქმედებებას".

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა, "კანონით მონიჭებული უფლებითა და ძალით დაიცავს მოქალაქეების მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას".

"მთავარი ისაა, რომ ახლა ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით, ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? და ომის შემდეგ, რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? ეს ძალა ითხოვს ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას?

მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.


close დახურვა