logo
ENG



ღარიბაშვილი აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

08 აგვ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს.

პრემიერმინისტრი არაფერს ამბობს რუსეთზე, თუმცა, სააკაშვილს და მის გუნდს ღალატში ადანაშაულებს. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, თქვა, რომ "პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ტრაგიკული ომი".

"მე გეტყვით მთავარს, რაც არის შემდეგი: თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და სამხედროები", - თქვა ღარიბაშვილმა.

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი აზრით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

 

 


close დახურვა