logo
ENG



ღარიბაშვილი გახელაძეზე: უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად ეფექტიანად ვმუშაობთ

25 ივნ 202115:09
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ეფექტიანად მუშაობენ.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერა ძლიერდება.

"ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა.

"ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა