logo
ENG



ღარიბაშვილი მედიასთან გამოჩნდა, თუმცა ჩანაწერებზე განცხადება არ გააკეთა

11 მარ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი მედიასთან გამოჩნდა, თუმცა ჩანაწერებზე განცხადება არ გააკეთა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მე-6 დღეს მთავრობის სხდომის ბრიფინგზე გამოჩნდა, თუმცა არაფერი თქვა მის მიმართ ბრალდებებსა და ბერა ივანიშვილთან დიალოგზე. ღარიბაშვილი არც ამ დრომდე გამოხმაურებია ამ საკითხს. 

11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერი შეეხო ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკასა და საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების შესახებ შეთანხმებას ინვესტორთან. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა