მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
"მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მათ არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და "ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად".
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა მაკრონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.